რუსულ კომპანიას „ნიკარემსტროი“ თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ საკითხს თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებით გამოეხმაურა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
„არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.