რუსულ კომპანიას „ნიკარემსტროი“ თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ინფორმაციას გამოცემა bpn.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია „ნიკარემსტროიმ“ კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა.
რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენდა.
თუმცა ორივე შემთხვევაში „ნიკარემსტროი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.
მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე „ნიკარემსტროის“ კონკურენტი კომპანია „ენსისია“, მან მერიას მშენებლობა 4 177 999 ლარად შესთავაზა. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობის ტენდერში კი „ნიკარემსტროის“ კონკურენტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 060 ლარს შეადგენს.
„ნიკარემსტროის“ ფილიალი საქართველოში 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. კომპანიას, რეესტრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მალხაზ ლომსაძე ხელმძღვანელობს.
გამოცემის ცნობით, შპს “ნიკარემსტროის საქართველოს ფილიალი” ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „შავ სიაშიც“ იყო შეყვანილი.