პარლამენტის კომიტეტებში განიხილება საკონონმდებლო ინიციატივა – “სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ”

799

მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ყველა სოფელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ენიჭება

მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ყველა სოფელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ენიჭება.
ამასთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკის და მისი პირველი მოადგილის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას – “სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონპროექტს ხვალ პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სოფელი ყალიბდება, როგორც ტერიტორიულ საფუძველზე შექმნილი, ადმინისტრაციული საზღვრების მქონე იურიდიული პირი. სოფელს ენიჭება უფლება, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, ფლობდეს ქონებას, დადოს გარიგებები, მიიღოს შემოსავლები, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეული უფლება-უნარიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან შეიძენს. აღნიშნული სტატუსი კი, პროექტის თანახმად, მიენიჭება

მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ყველა სოფელს, რომელშიც საარჩევნო უფლების მქონე ერთი მოქალაქე მაინც არის რეგისტრირებული.

საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების მართვა, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში, თავად გადაწყვიტოს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ასევე მიენიჭება უფლებამოსილება საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად არასამეწარმეო და კერძო სამართლის იურიდიული პირები დააფუძნოს.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებად საერთო კრება, საერთო კრების წარმომადგენელთა საბჭო და საერთო კრების თავმჯდომარე განისაზღვრება. საერთო კრება საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი ორგანო იქნება, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე ყველა მოქალაქეს გააერთიანებს. საერთო კრების წარმომადგენლობითი ორგანოა საერთო კრების წარმომადგენელთა საბჭო, რომელსაც ერთი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით საერთო კრება აირჩევს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს დამოუკიდებელი შემოსავლები და ხარჯთაღიცხვა ექნება. მას 2016 წლის 1-ელ სექტემბრამდე უვადო და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცემა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და წყალი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლებამოსილება საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ხელშეკრულებით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის მის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა-ნაგებობები.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ენიჭება უფლება, გაერთიანდეს მის მუნიციპალიტეტში შემავალ სხვა საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულთან ან გაიყოს ორ ან მეტ საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულად, ერთობლივი საქმიანობის განხორცილების მიზნით ხელშეკრულება დადოს სხვა საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულთან.
იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულში არც ერთი წევრი აღარ იქნება, მის ლიკვიდაციას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

იხილეთ რესურსი