საკრებულოში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია განიხილეს

756

წინა სტატია

თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” წევრებმა ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს და “თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელს შეკითხვები დაუსვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“რატომ იგეგმება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული ტენდერით ხელშეკრულების გაფორმება?”- ეს იყო ძირითადი შეკითხვა, რომელიც “ევროპული საქართველოს” წევრებმა დასვეს.

“შეკითხვები არის ბევრი და მნიშვნელოვანი, როგორია პროექტი, როგორ არის დაგეგმილი სამუშაოები, რატომ არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვა, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკება, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რა ეტაპებით განხორციელდება სამუშაო, ეს ყველა შეკითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ ამ შელითხვებზე პასუხი უნდა იცოდეს. საქმე შეეხება თბილისის ცენტრში ისტორიულ უბანს და შესაბამისად არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა რჩებოდეს. ის რომ 50 მილიონის განკარგვა ხდება გამარტივებული შესყიდვით ეს ნამდვილად ბადებს შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე პასუხი გვინდა მოვისმინოთ”, – თქვა გიორგი გაბაშვილი.

მერია ერთ პირთან მოლაპარაკებას რამდენიმე მიზეზით ხსნის:

“ვინაიდან საკითხი ეხება კულტურული სტატუსის შენობებს, აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირებულება და დაბალი ფასის მქონე კომპანია ვერ იქნება პრიორიტეტი, სწორედ ამ მიზეზითაც მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. იქ არის მითითებული რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ვგეგმავთ ამ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვების სააგენტოდან იქნება თანხმობა, შემდგომ მივმართავთ საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილების მისაღებად და ამის შემდგომ მოხდება შესაბამისი პროცედურების განხორციელება”,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, მოედანზე სამუშაოების დაწყება 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში უკვე შესაძლებელი იქნება.

“სამუშოები გაგრძელდება დაახლოებით 2 წელი და მოიცავს გუდიაშვილზე მდებარე დაახლოებით 30 მისამართს, მათ შორის 20-ზე მეტ ისტორიულ კულტურულ ძეგლს. უშუალოდ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიული ბინებიდან გაყვანილია დიდი ხნის წინ, ნაწილი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრებოდა დაბრუნებულები არიან. საჭიროების მიხედვით ყველა მისამართიდან მოსახლეობა იქნება გაყვანილი თავშესაფრებში ფონდის მიერ”, – განაცხადა “თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოების დაწყება 2 კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება.

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.

4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.

16 თებერვალს ოპოზიციამ გუდიშვილის მოედნის რეაბილიტაციის ტენდერზე შენიშვნები გამოთქვა.