თბილისში, სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში, წინუბანში, დიდი და პატარა ლილოს დასახლებებსა და ვარკეთილის მეურნეობაში მოსახლეობისთვის საბანკო მომსახურება ადგილზე განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
აღნიშნულ დასახლებებში, ბანკომატების არარსებობის გამო, მოსახლეობას პენსიის აღების პრობლემა ჰქონდა და საბანკო მომსახურების მიღებისთვის შორი მანძილის გავლა უწევდა. ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, მოსახლეობამ სამგორის მაჟორიტარს მიმართა.
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა, რომ ამ დასახლებებში „ლიბერთი ექსპრესი“ ივლის და და მოსახლეობა პენსიას ადგილზე აიღებს.
„ლიბერთი ექსპრესი“ სამგორის რაიონის ხუთ დასახლებაში თვეში ორჯერ მივა და მოსახლეობას პენსიის აღების გარდა, სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდაც შეეძლება. სამგორის რაიონში „ლიბერთი ექსპრესი“ დღეს პირველად მივიდა. ადგილზე რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე იმყოფებოდა. სიახლის შესახებ, დეპუტატმა მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდა. გიორგი ტყემალაძემ „ლიბერთი ბანკის“ ახალ მენეჯმენტს თანამშრომლობისთვის და პრობლემის მოკლე ვადებში გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატმა მოსახლეობისთვის აღნიშნული სერვისის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა, მადლობა გადავუხადო „ლიბერთი ბანკის“ ახალ ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ დღეიდან ნასაგურის, წინუბნის, დიდი და პატარა ლილოს, ასევე ვარკეთილის მეურნეობის მოსახლეობას საშუალება აქვს ადგილზე ისარგებლოს ბანკის სერვისებით. თანხის განაღდება და სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდა დღეიდან უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.