თბილისში, ისნის რაონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია – განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ.
ისნის რაიონში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე : კახეთის გზატკეცილი N44 და N3-ა, ონაშვილის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N 156, მეველეს ქუჩა N17 და ქეთევან წამებულის გამზირ N91-ში, ძველი დაზიანებული მოედნების ადგილას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო მოედნები ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, იგება ხელოვნური მწვანე საფარი, მონტაჟდება საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, ეწყობა ახალი ღობეები და გარე განათების ბოძები. მოედნები ადაპტირდება შშმ პირებისთვის. 2018 წელს, ისნის რაიონში რეაბილიტაცია – განახლება ჯამში 10 სპორტულ მოედანს ჩაუტარდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერები და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
გამგეობის ცნობით, ისნის რაიონს გაზაფხულისთვის, ექვსი რეაბილიტირებული და განახლებული, თანამედროვე სპორტული მოედანი შეემატება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება გაუმჯობესებული, კომფორული საცხოვრებელი გარემო.