თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას შტატებისა და სახელფასო ფონდის ზრდაში ადანაშაულებს

585

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიას შტატებისა და სახელფასო ფონდის ზრდაში ადანაშაულებს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძემ საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი უნდა გაიწვიოს, რადგან ცვლილებები დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს არ ასახავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერს კახა კალაძეს წარმოედგინა სწორად დაგეგმილი ცვლილებები,( სადაც მკვეთრად იქნებოდა შემცირებული ბიუროკრატია და ჩვენი დათვლებით არანაკლებ 40 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლებოდა) კვლავ და კვლავ ქმნის ახალ შპს-ებს, ა(ა)იპ-ებს, სამსახურებს, რათა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები დაასაქმოს. მხოლოდ ერთ სამსახურს ა(ა)იპი „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“, რომელიც დანა-ჩანგლის ტრენინგებით არის ცნობილი, 158 შტატი დაემატება“, – განაცხადა ნადირაძემ.  მისივე თქმით, ამის გარდა, შეიქმნება კომუნიკაციების განვითარების სააგენტო 24 შტატით, რომელშიც მერიის სტრუქტურებში არსებული პიარ-სამსახურები გაერთიანდება.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ უპასუხა. 

ზარქუას განმარტებით, მერიაში და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში შტატების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ მცირდება. ასევე ირაკლი ზარქუას განმარტებით, არ იმატებს არც სახელფასო ფონდი, რომელიც ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასი ათასი ლარით არის განსაზღვრული.

დეპუტატის თქმით, მერიაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებებით, სამსახურების ოპტიმიზაცია განხორციელდა და „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან 158 შესაბამისი სპეციალისტი იქნება გადმოყვანილი. ზარქუას განმარტებით, რეალურად ახალი შტატების დამატება არ ხდება და ყველა ეს ადამიანი ერთი ქოლგის ქვეშ იმუშავებს იმისთვის, რომ თბილისელებს გაუმჯობესებული სერვისები მიაწოდონ.