თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, თბილისის მერიაში ორი ახალი სტრუქტურული ერთეული იქმნება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მარიკა დათუკიშვილის თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი განკარგულება გამოსცა, რომლითაც ა(ა)იპი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“ და შპს „მწვანე ქალაქი“ იქმნება. მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ამ ახალ სტრუქტურებში აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იქნება როგორც ადამიანების დასაქმება, ასევე მათი კომპეტენციის განსაზღვრა.
როგორც თავად ამბობს, მან არ იცის თუ რამდენად გაიზრდება თბილისის მერიაში საშტატო ერთეული, თუმცა აღნიშნავს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში 5 სამსახური შეიქმნება, კერძოდ, პიართან ურთიერთობის, სოციალური მედიის, კოორდინაციის, კამპანიებისა და ბრენდინგის სამსახური.
მარიკა დათუკიშვილმა დღეს ოპოზიციის მოთხოვნაც გაახმოვან, რომლის თანახმადაც ოპოზიცია თბილისის მერიაში თანამშრომლების შერჩევის საკონკურსო კომისიაში ჩართვას ითხოვს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა.