ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები, სამწუხაროდ. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლობის მუშაობის ხარისხზე.
შესაბამისად, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, განაცხადა კახი კალაძემ.
დედაქალაქის მერმა, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლებდნენ სამსახურიდან.
„ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ ამ ქალაქს. უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები ადამიანების. რა თქმა უნდა, მე მესმის, შეიძლება ვიღაცას რაღაცა გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრძანდნენ და მაქსიმალურად რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.