მაია ბითაძე: თბილისში ტაქსის მძღოლებს ფასიანი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ

1465

თბილისში ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ, ხოლო რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოში ფრაქცია “ევროპულ საქართველოსთან” შეხვედრაზე თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პროცედურის გასავლელად მძღოლებს გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა ეს „იაფი პროცედურა იქნება“.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება.

„რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. საქართველოს პარლამენტი განხილვის შემდეგ მიიღებს კანონს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

“ტაქსების რეგულირების საკითხი ფრაქცია „ევროპული საქართველოსთვის“ კატეგორიულად მიუღებელია” – ასე შეაფასა ეს ინიციატივა ფრაქციის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

„ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებისთვის რეგრესული ნაბიჯია. მთელი მსოფლიო დერეგულირების გზით მიდის, იქმნება ახალი თანამედროვე აპლიკაციები, არის კონკურენცია, არსებობს ძვირიანი და იაფი ტაქსები და ყველა მომხმარებელი, თუ როგორი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს, ამის მიხედვით იძახებს ტაქსს ან აჩერებს ტაქსს ქუჩაში. ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება არის აბსოლუტურად სხვა რამ და იგი ტაქსებს არ ეხება. უსაფრთხო და გამართული უნდა იყოს ყველა მანქანა. ეს სულ სხვა სფეროს რეგულირების საკითხია. ტაქსებზე ქალაქის მერიის რეგულატორული პოლიტიკა გამოიწვევს მხოლოდ ისედაც გაღარიბებული ადამიანების კიდევ გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.