თბილისის მერიას ევროკავშირისგან 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა

1012

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო.

ილია ელოშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ თბილისმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიგო, რომელიც დედაქალაქში მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მეწარმეები განვითარების, ბრენდირების, მარკეტინგისა თუ იურიდიული მომსახურების მხრივ ხელშეწყობას ნამდვილად საჭიროებენ და აღნიშნული გრანტი სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ვულოცავ თბილისის მერიას და მადლობას ვუხდი ეკონომიკური განვითარების სამსახურს, რომელმაც აღნიშნულ წარმატებას მიაღწია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიზნესკომპანიების უფასო სამუშაო სივრცეებით  უზრუნველყოფა,  კონსულტაციის გაწევა  ფინანსური ანგარიშგებების,   საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე.

სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ოთხწლიანი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდება. ღონისძიებას ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდა.