სამშენებლო კომპანიები ვალდებულები იქნებიან სამშენებლო პროექტები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებთან შეათანხმონ. ამის შესახებ საქალაქო სამსახურის უფროსებმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე თქვეს, სადაც კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ.
ეს კვლევები განაშენიანების რეგულირების გეგმის ყველა ეტაპზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას, სპეციალური ზონალური შეთანხმებისას და მიწის სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენისას უნდა შემუშავდეს.
გარემოს დაცვის კუთხით, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება. მათ მერიას გამწვანების პროექტები და ესკიზი უნდა წარუდგინონ, რომელიც საჯაროობის გაზრდის მიზნით, სამშენებლო დაფის გვერდით განთავსდება.
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებით, დედაქალაქის მერია პრიორიტეტს არსებული ნარგავების შენარჩუნებას, მოვლასა და შემდგომ განვითარებას ანიჭებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უპირატესობა გადარგვას მიენიჭება.
ამასთან, მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურები დედაქალაქში მშენებლობის დაგეგმარებისა და ნებართვის გაცემის პროცესში საწყისი ეტაპიდან ჩაერთვება.
დედაქალაქში მშენებლობებთან დაკავშირებით ნორმების გამკაცრება თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის დეკემბერში მოითხოვა და შესაბამისი დავალებები საქალაქო სამსახურებზე გასცა.