თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

655

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური  მოძრაობის” მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ნაციონალურ მოძრაობას” სხდომაზე, რომელზეც ვარკეთილის მეტროში მომხდარზე უნდა ემსჯელათ, მიწვეული ჰყავდა თბილისის მერი კახა კალაძე, ყოფილი მერი დავით ნარმანია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

საკრებულოში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა. “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ დრო დაესწრონ ნაციონალების მოწვეულ სხდომას.

5 თებერვალს ვარკეთილის მეტროს შესახებ დისკუსიაზე საკრებულოში მერიის წარმომადგენლები ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ” მიიწვია, თუმცა არ მივიდნენ.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.