ანასეულში რადიაციული კერების სრულყოფილი კვლევა იწყება

1395

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, იქ, სადაც რადიაციის კერებია, იწყება ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევა, რომლის აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ მიზნით ანასეულში უკვე იყვნენ ჩასულები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაბახტიანი და მთავარი სპეციალისტი გიორგი მასპინძელაშვილი.

სპეციალისტებმა რადიაციის დონის გაზომვის შემდეგ თქვეს, რომ ზედაპირზე გამოსხივების დონე დასაშვებია. რაც შეეხება ვლევებს, სააგენტო პროექტის გახორციელებას ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყებს.

“2017 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხელშეკრულება შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრთან და უკვე დაწყებულია პროექტი შვედი ექსპერტების ჩართულობით ამ ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით. პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის ზედაპირის განმეორებითი, დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი და დაბინძურებულ ადგილებზე რადიონუკლიდების მიწის სიღრმეში განაწილების შესწავლა. ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები”, – ამბობს გიორგი ნაბახტიანი.

მისი თქმით, თავდაპირველად გასუფთავდება ტერიტორია, რადგან ყველა კერასთან მისვლა შეძლონ.

ნაბახტიანის თქმით, აუცილებლად შემოწმდება იმ ლაბორატორიის სარდაფი, სადაც გასული წლის 80-იან წლებში ცდებს ატარებდნენ და სადაც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, რადიაქტიური ნივთიერებებით სავსე კონტეინერი ინახებოდეს.