პრემიერი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობის წლად აცხადებს, ამის შესახებ მან მთავრობის მომდევნო წლების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ღია მმართველობის პარტნიორობა” არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეუძლია, წარმოაჩინოს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიიღოს საუკეთესო რჩევები საერთაშორისო პარტნიორებისგან.
როგორც ცნობილია, წელს საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. პრემიერის განცხადებით, 2018 წელს ქვეყანა პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, რისი ორგანიზების საქმეშიც იუსტიციის სამინისტროა ჩართული.
კვირიკაშვილის ინფორმაციითვე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და შეიქმნება პლატფორმა – საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ და რომელსაც მთავრობა ყოველკვარტლურ ანგარიშს წარუდგენს.
გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ შეიქმნა პორტალი ichange.gov.ge, რომელზეც მოქალაქეებს ინიციატივების ატვირთვა შეეძლებათ და 10 000 ხელმოწერის შეკრების შემთხვევაში, მთავრობას ამ ინიციატივის განხილვის ვალდებულება ექნება.
პრემიერმა მოუწოდა პარლამენტს და მასში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ საყოველთაო ჩართულობისა და დიალოგის პროცესში.