საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტს განიხილავს. კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, რომლითაც გრანტის მიმღები, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გარდა, ასევე შეიძლება იყოს ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოც. კანონპროექტის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც გრანტის მიმღებ სუბიექტებად გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები დარჩენილი არიან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა.
“ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებს, გრანტების პირდაპირი მიღების უფლებამოსილების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, სოციალური პროექტების, აგრეთვე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის ოპერატიულად მიიღონ მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რაც აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო ორგანოების როლსა და მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონმა გრანტების მიღების ნაწილში სამართლებრივად მოიცვას ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
გარდა ამ საკანონმდებლო ინიციატივისა, საქართვეელოს პარლამენტში, ასევე, ინიცირებულია ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების – სამინისტროების გრანტის გამცემ სუბიექტთა ჩამონათვალში დამატებაც. აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო შეიძლება იყოს გრანტის გამცემიც.
“პარლამენტში 2016 წელს ინიცირებული და ამჟამად წარდგენილი კანონპროექტები ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში საკანონმდებლო დონეზე ერთიანობაში მოაწესრიგებს გრანტების გაცემისა და მიღების საკითხებს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.