გორში 9 აპრილის მემორიალზე კომპოზიციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

333

გორში 9 აპრილის მემორიალზე კომპოზიციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. მერიამ სამუშაოებისთვის 103 000 ლარი გაითვალისწინა.

პროექტის მიხედვით, სამეფო ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც მემორიალია განთავსებული, ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული კომპოზიცია მოეწყობა.

“არსებული მემორიალი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის, სამი თანაბარი თაღის ერთობლიობას წარმოადგენს. ბეტონის აღნიშნული ფორმები ხასიათდება მასიურობით, შეღებილია თეთრად. ჩვენი პროექტი აღნიშნული თაღების გაგრძელებაა, რომელსაც თავის მხრივ მიზნად აქვს დასახული რიტმულობის შემოტანა მთლიან სურათში, რაც გამომდინარეობს შინაარსობრივი დატვირთვიდან. როგორც 9 აპრილი გახდა გარკვეული გარდამტეხი მომენტი ჩვენი წინსვლისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას. არათანაბარი. არაპროპორციული და ხშირად არასწორი მიმართულებით. წითელი და თეთრი ფერი – ინსპირაცია ისევ და ისევ ქართული დროშის- ეროვნული ფერებია”, – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.

მემორიალის კომპოზიციის მოწყობის პროექტზე შპს -მ “მორფ 9.4” იმუშავა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული მემორიალის რეაბილიტაცია რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა.