ავტორი: რუსა მაჩაიძე
თუ ვინმეს გაინტერესებთ, რა ქონებას ფლობს თბილისის მერია, იცოდეთ, რომ ვერასოდეს გაიგებთ. ოღონდ, თქვენ უდავოდ უკეთეს სიტუაციაში ხართ, გაინტერესებთ მაინც, მერიას კი არც კი აინტერესებს, ან აინტერესებს, მაგრამ მის თანამშრომლებს სათანადო ინფორმაციის მოძიება ეზარებათ. ყოველ შემთხვვეაში, ჩვენ ორჯერ ზუსტად ეს პასუხი გაგვცეს.
თბილისის მერიის სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს”, ვაკონკრეტებთ, იმ უწყებას, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა ევალება და მეტი არაფერი, ორჯერ მოვთხოვეთ საჯარო ინფორმაცია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ჯამურად რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რადენი ჰექტარი – არასასოფლო-სამურნეო მიწა და რამდენი – შენობა-ნაგებობა. ამ ინფორმაციის თბილისის რაიონების მიხედვით ჩაშლაც კი არ გვითხოვია და მხოლოდ ჯამურ მონაცემები გვაინტერესებდა.
პასუხად კი ორჯერვე მოგვწერეს, რომ “აღნიშნული ინფორმაცია მოცულობითია და მისი დამუშავება დაკავშირებულია არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან”. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ზრდილობიანად გვითხრეს, გვეზარება ინფორმაციის დამუშავება-გამოგზავნაო.
მართალია, სიტყვა “გამოგზავნა” არ უხსენებიათ, მაგრამ სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ის არ იციან, რას განკარგავენ. ეს თუ ასეა, მაშინ ჩვენი მიმართვის მერე მაინც ხომ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რას მართავენ. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ მაინც უნდა იცოდნენ, რა აქვთ გასაყიდ-გასაიჯარებელი და ა.შ.
როგორც ჩანს, ამ უწყებაში არც ის ახსოვთ, რომ საჯარო სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება კანონით ეკისრება, ხოლო, თუ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს, ის ვალდებულია, გადაწყვეტილება დაასაბუთოს და ამასთან, პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც აწარმოა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. ქონების მართვის სააგენტოს თავის პასუხში, ცხადია, არც ეს განუმარტავს, აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად დასამუშავებელი ინფორმაციის მოცულობის დასახელება, უბრალოდ, აბსურდია.
საინტერესოა ისიც, რომ უწყება “დიდსულოვნად” გვთავაზობს, თუ რომელიმე კონკრეტული ქონებით ხართ დაინტერესებული, მოგვწერეთ და დაგიზუსტებთო.
თუმცა, ამას ვინ ჩივის, ფოსტით გამოგზავნილ წერილს ადრესატის მისამართად “ძველი თბილისის რაიონი” აწერია. თბილისის მერიის ამ უწყების ყურამდე ჯერაც არ მისულა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში ასეთი რაიონი 2013 წლიდან აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წერილის ელექტრონული ფორმით გამოგზავნას ვთხოვდით და ის ფოსტით მივიღეთ. სხვა დროს, იქნებ, საფოსტო მტრედსაც გამოატანონ.