ნადირაძე: 2017 წელს მერიამ ვერეს ხეობაში 9 600 კვ.მეტრი 12 დოლარად გაყიდა, რომ სპორტული კომპლექსი აშენებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, კალაძის ცოლის დაქალმა და მისმა მეუღლემ უნდა ჩადგან იქ კორპუსი

256

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 2017 წელს, თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში 9600 კვ.მეტრი 12 დოლარად გაყიდა, რომ დიდი სპორტული კომპლექსი აშენებულიყო, თუმცა, მის ნაცვლად კორპუსის აშენება იგეგმება.

როგორც ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კორპუსის აშენებას თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის დაქალი მაკა კვიციანი და მის მეუღლე გეგმავენ.

ირაკლი ნადირაძე კალაძეს მიმართავს, რომ აღნიშნულის გამო, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

„დედაქალაქში უამრავი პრობლემაა როგორც სოციალური, ასევე საცობების მიმართულებით, ვხედავთ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამ დროს, კახა კალაძე იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყოს ამ პრობლემების გადაწყვეტით, დაკავებულია იმით, როგორ შემატოს თავის მილიონებს მილიონები. თუ აქამდე ვხედავდით, რომ კალაძის მეჯვარე ჩართული იყო სამშენებლო ბიზნესში და მათ შორის თბილისელების მილიონობით ლარის ქონებას 1 ლარად აძლევდნენ სამშენებლო ბიზნესისთვის, ახლა ვხედავთ, რომ სამშენებლო ბიზნესში ერთვებიან კახა კალაძის ცოლის მეჯვარე და სადაქალო. რას ვგულისხმობ – 2017 წელს, თბილისის მერიამ, ვაკეში, ვერეს ხეობაში, თბილისზე ულამაზესი ხედით 9600 კვ.მეტრი 12 დოლარად გაყიდა იმიტომ, რომ დიდი სპორტული კომპლექსი აშენებულიყო. დამტკიცებული იყო გეგმა, რა კომპლექსი უნდა აშენებულიყო, მაგრამ ახლა სპორტული კომპლექსის ნაცვლად, კახა კალაძის ცოლის დაქალმა, საუბარია მაკა კვიციანზე და მის მეუღლეზე, რომელიც „თეთრი კვადრატის“ მფლობელია, უნდა ჩადგან იქ კორპუსი. აი, ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ იფლანგება ხალხის ქონება და როგორ ხდება კახა კალაძე ბოლომდე სამშენებლო ბიზნესის მონოპოლისტი. პრობლემების მოგვარების ნაცვლად, კახა კალაძე მთელი თავისი ოჯახით, ნათესავებით, მეგობრებით, ძმაკაცებით ჩართულია სწორედ სამშენებლო ბიზნესში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერიტორიას და მიწას დღემდე ადევს ვალდებულება, ეს ფიქსირდება ყველა შესაბამის დოკუმენტში, რომ იქ უნდა აშენდეს სპორტული კომპლექსი, თუმცა მიუხედავად ამისა, სამშენებლო კომპანიას უკვე რამდენიმე თვეა ბინის გაყიდვები აქვს დაწყებული“, – განაცხადა ნადირაძემ.

მისი თქმით, ეს არის კორუფციული გარიგება, რაზეც სამართლებრივი დავა დაიწყება.

„ეს არის კლასიკური კორუფციული გარიგება იმიტომ, რომ ის მიწა თავის დროზე 12 დოლარად გაიყიდა. ეს მიწა რომ გაყიდულიყო თავის ფასად, 50-ჯერ მეტი თანხა შევიდოდა, დაახლოებით 15-20 მლნ ლარი, რომელიც ამ ქალაქის პრობლემებს მოხმარდებოდა, მათ შორის მოშიმშილე ბავშვებს, სოციალურ პროგრამებს, საცობების, ავარიული კორპუსების მოგვარებას. ამიტომ კახა კალაძე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, შენ ვეღარ გადაეჩვევი თანხების მოპარვას, კორუფციას, მაგრამ პასუხს აგებ შენს ყველა ასეთ კორუფციულ გარიგებაზე. ეს საქმე აუცილებლად წავა სასამართლოშიც და საბუთები თან დაერთვება“,-განაცხადა ნადირაძემ.