1686 პირველკლასელია წელს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დარეგისტრირებული, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა. ინფორმაციას გორის მაცნე ავრცელებს.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, პირველკლასელების ,,ბუქები“ უკვე გაცემულია.
“სასწავლო წლის დაწყებას გორის ყველა სკოლა მომზადებული ხვდება, გაცემულია პირველკლასელების ,,ბუქები“, გაცემულია პირველკლასელების დამრიგებლების კომპიუტერები, გაცემულია ყველა სახელმძღვანელო გარდა, მე-10 კლასის ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოებისა, რომლებიც დღეს და ხვალ გადანაწილდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ატენის საჯარო სკოლაშია დაგეგმილი სამუშაოები და მოსწავლეთა დაწყებითი საფეხური ისწავლის ბნავისის საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხური – ხიდისთავის საჯარო სკოლაში. მოსწავლეები ორივე შემთხვევაში მეორე ცვლაში ისწავლიან და მათ ტრანსპორტი მოემსახურება.
ქერეს საჯარო სკოლა დაბრუნდა ახალაშენებულ შენობაში და ახალ სასწავლო წელს ახალ შენობაში დაიწყებს საგანმანათლებლო პროცესს, მეჯვრისხევის სკოლის რეაბილიტაცია კი გრძელდება და ისე, როგორც გასულ წელს, მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეები ხელთუბნის სკოლაში ივლიან მეორე ცვლაში და ბუნებრივია, უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტით.
რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს განაგრძობენ კვლავ მე-6 სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში და უზრუნველყოფილია მათი ტრანსპორტირება“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.