BBC საქართველოს პილიგრიმული ტურიზმის შესახებ წერს

376

BBC სამოგზაურო გვერდზე კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა პრიანკმა შანკარმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

სტატიაში აღწერილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი და მონასტერი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

„თბილისიდან 220 კილომეტრი ვიმგზავრე და საოცარი ქვის სტრუქტურა აღმოვაჩინე. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი ბერძნული მეტეორაზე მდებარე მონასტრით, რომელიც ბუნებრივი კლდის ბასრი სვეტებით გამოირჩევა. შემდეგ შევიტყვე საკმაოდ ორიგინალური მონასტრის შესახებ, რომელიც საქართველოში მდებარეობს და აქ მოსახვედრად ბერებს აძრომა სჭირდებათ. კაცხის სვეტზე მდებარე მონასტერში ბერები საუკუნეებია ცხოვრობენ, დღეს ეს ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პილიგრიმულად საინტერესოა, კაცხის სვეტი უამრავ ტურისტს იზიდავს’’.

სტატიაში აღწერილია ბერების ცხოვრება და კაცხის სვეტის მონასტრის აღდგენის ისტორია.

„ისტორიკოსების ვარაუდით ბერებმა კაცხის სვეტზე მოღვაწეობა დაახლოებით მე-10 საუკუნიდან დაიწყეს. ოსმალების შემოსევის დროს ბერები სვეტზე აღარ ადიოდნენ. მონასტრის მდგომარეობა 1944 წლამდე ბურუსით იყო მოცული. სწორედ ამ წელს კაცხის სვეტზე ქართველი მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილი, არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე და ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე აძვრნენ, მათ ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრებმა ეკლესიის ნანგრევებთან ერთად სამ კელიას და ღვინის მარანსაც მიაკვლიეს.

მონასტრის ხელახალი აღმოჩენიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დახმარებით, ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტაძარი აღადგინა. დამონტაჟდა 40 მეტრიანი ლითონის კიბე“. – წერს BBC-ის ჟურნალისტი.