აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ტურიზმი 2019 წლის მონაცემებს სწრაფი ტემპით დაუბრუნდა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით და რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის.
„ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ აჭარა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეულია კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით. არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა ქალაქში, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ქედასა და შუახევში უკვე მოეწყო ახალი, თანამედოვე ველო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქობულეთში დასრულდა ახალი ბულვარის მშენებლობა. ჯვარიმინდორზე შუახევში მოეწყო ახალი ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა. აშენდა ეთნოსოფელი მაჭახელაში, რომელიც მნიშვნელოვანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.