უკვე მესამე კვირაა, რაც მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ორ ეტაპად არის დაყოფილი და ამ დროისთვის პირველი ეტაპი ხორციელდება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემების შეცვლას, წყალარინებისა და წყალგამტარების ქსელის შეცვლას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე ქსელის მოწყობა დედაქალაქის ბიუჯეტით მოხდება, წყალარინებსა და წყალგამტარებს კომპანია GWP აფინანსებს.
რა ეტაპზეა სამუშაოები და როდის დასრულდება რეაბილიტაციის პირველი ნაწილი? – ამ შეკითხვას „საქმიანი დილას“ ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი პასუხობს.
მისი განმარტებით, პირველი ეტაპი სექტემბერში უნდა დასრულდეს.
„მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვლება. გვსურს მოძრაობა მალე აღდგეს, სამწუხაროდ, აღნიშნულ ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია, მუშაობის პროცესში 6 ფენა გადაგებული ასფალტი შეგვხვდა, რომლის დაბლაც ქვაფენილი იყო. შესაბამისად, გვინდა სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდეს, ამიტომ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. საწყისად, პირველი ფენა ასფალტის მოწყობას ვგეგმავთ, რათა მოძრაობა აღდგეს“ – ამბობს ლევან ნაროუშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთლიანი სამუშაოები 6 თვეში დასრულდება. მელიქივილის გამზირის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 6 მლნ 388 000 ლარია გამოყოფილი.