ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

425

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომლის ფართობიც 5 800 კვ.მ-ია, გამგეობის დაფინანსებით, 589 096 ლარი მოხმარდება.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი მოეწყობა. ასევე, რეაბილიტაცია არსებულ ფეხბურთის მოედანს ჩაუტარდება. სკვერში სხვადასხვა ჯიშის ნერგები დაირგვება და ბალახის საფარი დაიგება.

“ზღვისუბანში რეკრეაციულ პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო გასართობი ზონა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი შემოდგომაზე დასრულდება. ზღვისუბნის მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ.