მთავრობამ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმის “მედეას” აუქციონი შეწყვია

715

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის “მედეას” გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა. აუქციონის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ობიექტის გასხვისება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

“წყალტუბოში, სანატორიუმ „მედეას“ პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აუქციონის პირობების დაზუსტების, კერძოდ,  საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, სააგენტომ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლება და 7 აპრილს შეწყვიტა ელექტრონული აუქციონი. კურორტ წყალტუბოში მდებარე სხვა სანატორიუმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. დეტალური ინფორმაცია საპრივატიზებო პირობების თაობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება აუქციონების ინიცირების დროს”, – განგვიმარტეს  ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მთავრობამ “მედეას” აუქციონი მიმდინარე წლის  აპრილში გამოაცხადა, რომლის საწყისი ფასი 5 820 000 ლარი იყო.

აუქციონზე მითითებული პირობების მიხედვით, ობიექტის შემსყიდველს შენობაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო და ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

წყალტუბოს აღორძინების გეგმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს დააანონსა, თუმცა, 22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო ისევ მეპატრონის მოლოდინშია.