„ხე-მცენარეების მოჭრაზე, საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, სრული კატასტროფა ხდება. ამ მიმართულებით, კანონმდებლობა გამკაცრდება“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის თქმით, თუ ექსპერტი არასწორ დასკვნას წარადგენს, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით, არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მას სრულად შეუჩერდება საქმიანობა და მისი გაგრძელების ყველანაირი შესაძლებლობა ჩამოერთმევა.
„ის ვერასდროს ვერ დაუბრუნდება ამ საქმიანობას. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჯანსაღ ხე-მცენარეებზე იწერება საექსპერტო დასკვნები, რომ თითქოს, ეს ხე-მცენარეები მოსაჭრელია და ცუდ მდგომარეობაშია, რეალურად კი, ეს ასე არ არის. ამ მიმართულებით, მიდგომებს ვამკაცრებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღნიშნული რეგულაციების დროულად ასამოქმედებლად, თბილისის მერმა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაავალა, საკანონმდებლო ცვლილება საკრებულოსა და პარლამენტს წარუდგინოს.
ამასთან, უკანონო ჭრებისთვის – ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.