მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს კულტურული დედაქალაქის დანიშნულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში გამართულ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე ” Caravan art forum-ზე” დასწრებისას განაცხადა.
“მიხარია, რომ ეს (ფესტივალი) ტარდება ქუთაისში, რადგან მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი მთავარი დანიშნულება, როგორც საქართველოს კულტურული დედაქალაქის. აქაც ვხედავ სამომავლო ნიშნებს, რომ აქეთკენ მივდივართ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ე.წ. გაცვლითი გამოფენების მნიშვნელობას ქართველ და ევროპულ ხელოვანებს შორის და აღნიშნა, რომ ასეთი კულტურული აქტივობები საქართველოს “აბრუნებს ევროპის გულში, სადაც ის არის და უნდა იყოს”.
“მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილი არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქუთაისი ფესტივალს მეორედ მასპინძლობს. ფესტივალის პირველი დღე ფრანგი, ქართველი, უკრაინელი და სხვა თანამედროვე არტისტების გამოფენას დაეთმო, რომელიც ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
“ქარავან არტ ფორუმი” პროგრამა “ქარავანსარაის” ფარგლებში ხორციელდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.
ქუთაისში “ქარავან არტ ფორუმი 2022” 12-დან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
პირველად “ქარავან არტ ფორუმი” 2016 წელს ჩატარდა.