ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარი დაიხარჯება

914

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში, მონოლითური კიბის საფეხურები შეიმოსება ბაზალტისა და ეკლარის ფილებით, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები, შეიცვლება სადრენაჟე სისტემა და განახლდება ლამპიონები.

ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ასრულებს შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენი“.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში კიდევ რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კუპრაძის ქუჩაზე, სადაც განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და დახურული ტიპის სანიაღვრე, გაკეთდება ეზოების შესასვლელები. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გზამშენი XXI” . კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული.

ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აწარმოებს შპს „Georgian Build“. 2 222 220 ლარი დაიხარჯება გზის საფარის განახლებისთვის, სანიაღვრეებისა და ტროტუარების მოსაწყობად.

დაწყებულია ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია – განახლდება და სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა შენობის ფასადი, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები. სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დაფინასებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ და მისი ღირებულებაა 1 583 866 ლარი. სამუშაოებს აწარმოებს შპს „მშენჯგუფი“.

საყრდენი კედლები მოეწყობა მწვანეყვავილას ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე. რკინა-ბეტონის მონოლითური კედლები დაიცავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებს ნაშალი მიწის ფენებისგან. სამუშაოებს ასრულებს შპს „ევროტექნიქსი“. საყრდენი კედლების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეტაპობრივად სხვა უბნებშიც მოეწყობა.

https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/posts/374101734762392