როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

664

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება და 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – ღრმაღელე – ივლისი.

2023 წელი – მამათი – მაისი; მაჩხვარეთი – მაისი; შუხუთი – მაისი; ჩიბათი – მაისი.

2024 წელი – ჩოჩხათი – თებერვალი; ნინოშვილი – თებერვალი; ჯურუყვეთი – თებერვალი; ლესა – თებერვალი; ნიგოითი – თებერვალი; აკეთი – თებერვალი; აცანა – სექტემბერი; სუფსა – სექტემბერი; ნიგვზიანი – სექტემბერი; გვიმბალაური – სექტემბერი; ლანჩხუთი – სექტემბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.