თბილისის მერია: ვარძიის სკვერის რეაბილიტაციას 1.1 მილიონი მოხმარდება

263

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე არსებული ვარძიის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარძიის სკვერში, რომლის ფართობიც 8 300 კვადრატული მეტრია, შადრევანი, სპორტული და საბავშვო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონი, სარწყავი და გარეგანათების სისტემები მოეწყობა. ასევე, გამწვანდება ტერიტორია და დაითესება ბალახი.

„სამგორის რაიონში მორიგი პროექტი ხორციელდება. ეს არის რეკრეაციული სივრცის მოწყობა. აქ ყოველთვის იყო დასასვენებელი პარკი, თუმცა, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს – გაუბედურებულია არსებული ტერიტორია. არჩევნებზე მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა ყველანაირად მოწესრიგებული. დღეს დაიწყო სამუშაოების განხორციელება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები და ატრაქციონები ბავშვებისთვის. მთლიანად იქნება განხორციელებული და შეცვლილი დენდროლოგიური პროექტი. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც კი საჭიროა რეკრეაციული სივრცეებისა და პარკებისთვის, გაკეთდება და დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.