მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებას გეგმავს

536

მთავრობა და სახელმწიფო ყოველთვის გვერდში ედგა სამშენებლო სექტორს. ჯერ კიდევ პანდემიის დროს გამოიცა შესაბამისი განკარგულება, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სექტორს მიეცა დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი მეთოდოლოგიით და პროცედურით დადასტურდებოდა, მასალების ფასების ცვლილების გამო, ზიანის მიღების ფაქტი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ინდექსაციის მოდელის შემოღებას და ამოქმედებას ეხებოდა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის ამოქმედებას გეგმავს. ინდექსაცია გავრცელდება მიმდინარე ხელშეკრულებებზეც. განკარგულება, რომლითაც მოწესრიგდება ინდექსაციის საკითხი დამუშავებულია და უახლოეს დღეებში დამტკიცდება მთავრობის მიერ.

„ინდექსაცია არის ფორმა, რომელიც ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, 18 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მასშტაბური პროექტებისთვის, რომელიც წარმოადგენს ამავე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროცედურულ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინდექსაციის ფორმას მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ და, როგორც წესი, ევროკავშირსაც კი არ აქვს მსგავსი მიდგომა შესყიდვების სისტემაში, მთავრობა ყოველთვის გულდასმით უყურებს სექტორის პრობლემებს, რისთვისაც შეიმუშავა შესაბამისი განკარგულება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხში ჩართულია სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ამუშავებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინდექსის დადგენის მეთოდოლოგიას.

ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი მთავრობის მხრიდან სექტორის გვერდში დგომისა.

„სახელმწიფოს ნამდვილად გული შესტკივა და სურს, რომ სექტორი იყოს ძლიერი და ვითარდებოდეს, ეს იქნება კიდევ ერთი დახმარება და გვერდში დგომა ამ დარგისთვის“, – აღნიშნა მან.