მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა აღსრულების პროცესს ვეღარ შეაფერხებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის გაცნობა მარტივდება.
პარლამენტმა 77 ხმით (3 – წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუკი სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება ან გადაწყვეტილების გაცნობაზე უარს აცხადებს, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება გაცნობად ჩაითვლება.
ამავე პროექტით სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა, სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
“სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ დაგეგმილი ცვლილები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: მაია ბითაძემ, ირაკლი ზარქუამ და ნოდარ ტურძელაძემ წარადგინეს.