ქვეყანა დამშვიდდა, დაწყნარდა. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი. შემდგომი 3 წელი, სანამ არჩევნები ჩატარდება, უნდა იყო აღმშენებლობის, განვითარების, კეთილდღეობის მომტანი, მშვიდობის, სტაბილურობის წლები, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
პრემიერმინისტრმა 2021 წელს განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმატებული წელი გვქონდა. ეს წელი შედგა. რამდენიმე ძირითად მიღწევას გამოვყოფდი. პირველი იყო წლის დასაწყისში არსებული ვითარება, ეპიდსიტუაცია, ვაქცინების არ არსებობა, ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც მინუსებში იყო და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია – პარლამენტი იყო პარალიზებული, ქვეყანა იყო მუდმივი საბოტაჟის წინაშე – არჩევნები, ეს გამოცხადებული რეფერენდუმი. დღეს თუ შევაფასებთ სად ვართ და კიდევ ერთხელ შევაფასებთ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მართლა წარმატებულ წელი იყო.
წელი დავხურეთ იმით, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გვაქვს 5 მილიონზე მეტი ვაქცინა, რომლითაც ჩვენს მოსახლეობას რეალურად მივეცით არჩევნის საშუალება. უამრავი კამპანია ვაწარმოეთ ამასთან დაკავშირებით. არჩევნები მოვიგეთ. არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და აბსოლუტურად კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში და ამის აღიარება ყველამ ერთად ვიხილეთ. მოვიგეთ ყველა მუნიციპალიტეტში. დავასრულეთ ეს რეფერენდუმი, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყოველგვარი სპეკულაცია და რეალურად ყველა კითხვა მოიხსნა შესაძლო, თეორიულ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ თითქმის 47% და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნები.
რაც მთავარია, არჩევნების დღეს და წინა დღეს ქვეყანას ავარიდეთ საკმაოდ დიდი პროვოკაცია და სისხლისღვრაც, არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ დეტალურად ვიცოდით მათი გეგმების შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.