ექსტრემალური ველობილიკი, კანიონინგი უჩხოში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონები ჯვარიმინდორზე მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს განახორციელა. ტურისტული სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები უწყების ანგარიშს დღეს გაეცნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელი აჭარისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო მიღწევების კუთხითაც.
„ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ 2023 წელს აჭარა ტურიზმის საერთაშორისო დაჯილდოებას “World Travel Awards” უმასპინძლებს. წელს, ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა, აჭარის სამმა ეროვნულმა პარკმა კი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო.
მთიან აჭარაში შეიქმნა ახალი ტურისტული პროდუქტები კანიონინგის, ექსტრემალური ველობილიკის, ტურისტული თავშესაფრების, საპიკნიკე ზონებისა და ახალი ტურისტული მარშრუტების სახით. 2022 წელს, კი აღნიშნულ პროექტებს ქობულეთის ტორფნარებზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და ხიხანზე ასასვლელი ველობილიკი შეემატება.
წელი გამორჩეული იყო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. ამ მიმართულებით ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელს ჩაუტარდა. მათ შორის იყვნენ ბარმენები, გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები. ასევე, შეიქმნა ქობულეთისა და ბათუმის ტურების სახელმძღვანელოები, სასწავლო ვიდეოგაკვეთილები და სერვისის განვითარების ვებ-გვერდი serviceajara.ge“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია მიმდინარეობდა ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა: EURONEWS, National Geographic Traveller Food, National Geographic Traveller, Dailymail, Travelmagazine, Cultural Voyager.
„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით კი ხორციელდება კრეატიული კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“, რომლის ფარგლებშიც 33 საიმიჯო ვიდეორგოლი მომზადდა. საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 196 წარმომადგენელი სტუმრობდა (76 ჟურნალისტი და 120 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი). რეგიონის პოპულარიზაცია დუბაის, მადრიდისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე განხორციელდა.
რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით განახლდა საიმიჯო ფოტობაზა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს 60 სარეკლამო ფოტო შეემატა.
არსებული პროექტების პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე მართავდა კოვიდსასტუმროებსა და კარანტინებს. 2021 წელს, აჭარაში კოვიდკარანტინებში 35 სასტუმრო იყო ჩართული, სადაც 28 247 ადამიანი იყო განთავსებული.
მიუხედავად პანდემიისა, ბოლო ორი წელი ახალი ტურისტული პროდუქტების ზრდის მიხედვით რეგიონისთვის გამორჩეული იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში 100-მდე ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა. მათ შორისაა სასტუმროები, რესტორნები, გლემფინგები და კოტეჯები მთიან აჭარაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.