დავითაშვილი: საზოგადოებრივი დასაქმების საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს

382

მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება, მაგრამ თუ კერძო სექტორი ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებასაც, ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების შესაბამისად, საქართველოშიც მოხდეს ამ პრაქტიკის დანერგვა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს.

„საზოგადოებრივი დასაქმების საკითხებზე მიდის მუშაობა. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და გვაქვს გარკვეული კონცეფცია, მონახაზი, რომელზეც მოსახლეობას 2022 წლის დასაწყისში უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა ევროპულ ქვეყნებს და მოხდეს ამ პრაქტიკის ადაპტაცია ჩვენს რეალობაზე. დღეს ჩვენ სრულად გავაანალიზეთ ის ინფორმაცია, რომელიც არსებობდა ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმების კუთხით და დასაქმების სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც იღებს სოციალურ შემწეობას.

ორი ნაწილი იქნება მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება, ეს იქნება პრიორიტეტი, მაგრამ თუ კერძო სექტორი ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას, შესაბამისად მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებასაც, ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით. უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით, კონკრეტულად რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლება და უნარების კომპონენტი, – ამაში განათლების სამინისტრო არის ჩართული. ეს არ არის ფორმალური განათლება, პროფესიული ან უმაღლესი, ჩვენ ხშირ შემთხვევაში, გვჭირდება კონკრეტული უნარები, კვალიფიკაციის ამაღლება, ჩამოყალიბება კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.