გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან ახალი წლიდან, დაახლოებით, 7 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. როგორც „გურიის მოამბე“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციიდან მოაწოდეს.
გამოცემის ცნობით, როგორც მათ ეუბნებიან, ყველა ის პირი, ვინც სამსახურში ხელშეკრულებით ჰყავდათ აყვანილი, ახალი წლის შემდეგ სამუშაო ადგილებს დაემშვიდობებიან.
„დაახლოებით, 7 ადამიანზეა საუბარი, ესენი არიან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებს, ისევ მათთვის მისაღები კადრებით არ შეავსებენ.
ამის პრაქტიკა ნამდვილად გვაქვს. სამუშაო ადგილებს მხოლოდ მათი საახლობლო, სამეგობრო და ნდობით აღჭურვილი პირებით ავსებენ. ამ ხალხს ჰგონია, რომ ბიუჯეტი მათი ჯიბეა და ვინც თვალში არ მოსდით, ის მუშაობას და ხელფასს არ იმსახურებს“, – ყვება სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი.