ვარგისია თუ არა ატენში სასმელი წყალი – ოპოზიციის ბრალდება და გორის მერიის პასუხი

744

“არის თუ არა ატენის სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის ხარჯები გათვალისწინებული ახალ ბიუჯეტში?”- ამ კითხვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრმა, ნანა ლოთიშვილმა. მისი თქმით, მილიონობით დახარჯული ლარის ფონზე, ატენში მოსახლოებას სასმელი წყლის ყიდვა უწევს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ატენში სასმელად უვარგისია წყალი, 2 მილიონზე მეტია დახარჯული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის  და წყალი არის სასმელად უვარგისი, მოსახლეობას უწევს სასმელი წყლის ყიდვა. ონკანებში მოედინება უვარგისი წყალი”, – განაცხადა ნანა ლოთიშვილმა.

დეპუტატის კითხვას საკრებულოს დარბაზში მყოფმა მერიის წარმომადგენელმა, გიგა ბერიძემ უპასუხა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასმელ წყალს პერიოდულად უტარდება ლაბორატორიული კვლევები და გამორიცხულია, რომ ატენში სასმელი წყალი დასალევად უვარგისი იყოს.

“ატენის წყალზე მართალია რომ ამდენი თანხა დახარჯული და პროექტიც დამთავრებულია, გადაცემულია ექსპლუატაციაზე ჩვენს ერთ-ერთ ა(ა)იპ -ს. თქვენი თქმით, წყალი დასალევად არ ვარგა, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, რადგან პერიოდულად უტარდება ლაბორატორიული კვლევები, არამარტო ატენში, არამედ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველგან. დასალევად რომ უვარგისი იყოს, ამის შესახებ გვეცოდინებოდა ოფიციალურად და რეაგირებაც შესაბამისი გვექნებოდა”, – განაცხადა ბერიძემ.

“უნდა წამომეღო დღეს და შეგეხედათ, როგორი წყალი მოდის. მაჩვენებთ ლაბორატორიულ დასკვნას ?” – ჰკითხა ლოთიშვილმა მერიის წარმომადგენელს.

გიგა ბერიძემ უპასუხა, რომ დასკვნის მიწოდება წერილობით შეუძლიათ.

ატენში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლოებას სასმელი წყლის პრობლემა მაინც ვერ მოუგვარდა. სოფელში წლებია არსებობს გზის პრობლემაც, რომელიც როგორც მერიაში ამბობენ წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს შესამჩნევად დაზიანდა, მის აღდგენაზე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა და გეგმით გათვალისწინებულ დროში, მომავალი წლისთვის დასრულდება.