კულტურის სამინისტრომ სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

400

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ 3 თეატრში ცხადდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

ბრიფინგზე თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება. დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად. სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.

ინფორმაცია კონკურსის ვადებსა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გასდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა 4 თეატრში: გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრში და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში. ხოლო მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ.