„საახალწლო სოფელი“ თბილისში, „დედაენის ბაღში“ 24 დეკემბერს გაიხსნება. შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ 14 იანვრამდე იქნება განთავსებული.
„ერთად უნდა შევეგებოთ თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსს. მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული, 3 კვირის განმავლობაში ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი, მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო გასართობი შოუ კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელები გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას. „საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ პროგრამით დაიხურება“,- განაცხადა კახა კალაძემ.