გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა

294

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ ორ კანონპროექტთან ერთად პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, თანმდევი კანონპროექტებია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძე განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტში თავდაპირველად რვა კანონპროექტი იყო, მაგრამ ინიციატორებმა კონსულტაციების შედეგად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხუთი მათგანის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ეს კანონპროექტებია: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.

„საკანონმდებლო პაკეტს ჰქონდა ორი მთავარი მიზანი, ესაა ინსტიტუციური მართვის მექანიზმების დახვეწა, კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ინსტიტუციურად გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა, ხოლო მეორე ნაწილი საკანონმდებლო პაკეტისა ეხება გარკვეული საკითხების მოწესრიგებას, რომელიც გარემოს ზემოქმედების პროცედურას ეხება. ცვლილებები ეხება ასევე გარემოზე ზემოქმედების სხვა საკითხებს, რომლებიც გარემოს ზემოქმედების კოდექსით არ არის გათვალისწინებული, თუმცა ეხება გარემოს დაცვის საკითხებს, მათ შორის, ურბანულ გარემოში, ეს არის ამტვერება თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარება ურბანულ დასახლებულ ტერიტორიებში. სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, ინიციატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს ხუთი კანონპრექტი აღარ იქნება წარდგენილი, ხოლო ინსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც კომიტეტი და ინიციატორები არსებითად მხარს უჭერენ, საკითხი დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმ დათქმით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო გარკვეულ შემოსავალს მიიღებს სერვისების განხორციელების კუთხით იმიტომ, რომ ამ სააგენტოს ინსტიტუციური და ფინანსური გაძლიერება არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ყოველთვის მონაწილეობდნენ და კვლავ მიიღებენ მონაწილეობას, იყოს ეფექტიანად და ხარისხიანად განხორციელებული. შესაბამისად, ფინანსური ანაზღაურების კუთხით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა მეტად კომპეტენტური არის იმისთვის, რომ ინფორმაცია წარმოადგინოს. ამიტომ იქნა გადაწყვეტილი, რომ საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ინსტიტუციური ნაწილის ცვლილებას ეხება, დაინიცირდება სურვილის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შესაბამისად, მომხსენებლის წინადადებით კომიტეტმა ზემოაღნიშნული სამი კანონპროექტი პირველი მოსმენით იმ ნაწილში განიხილა, რომელიც მათ შორის, სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს ეხება. მომხსენებელმა კოლეგებს გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც მოქმედ კანონმდებლობაში უნდა შევიდეს, რათა კანონი კიდევ უფრო დახვეწილი და მოქნილი გახდეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი გარკვეული საქმიანობის დარღვევისათვის შესაბამისი სანქციები შემოდის.

„ცვლილებები მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას, წარმოდგენილი ცვლილებების კომპლექსურობიდან გამომდინარე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკების სწორად შეცვლა იმგვარად, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაცული გარემოსდაცვითი საკითხები და, მეორე მხრივ, ასევე ვადების გათვალისწინებით, ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სწორად დაარეგულიროს თავისი შემდგომი საქმიანობა”, – განაცხადა სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.

კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია, ნოდარ ტურძელაძე და დავით კაჭარავა.