თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია იმ ავტოსადგურების ტერიტორიას დააგეგმარებს, რომელზეც რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ხმალაძემ განაცხადა, ავტოსადგურების დღევანდელი მდგომარეობა მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
„ქალაქში რამდენიმე ასეთი ეკონომიკური ზონა, არეალი გვაქვს, რომელიც მოსაწესრიგებელია. მათი დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს მაღალ სტანდარტებს და საზოგადოების დღევანდელ მოთხოვნებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორიების მოწესრიგება, რომლებიც წარმოადგენენ კერძო საკუთრებას და იქ ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება, აუცილებელია, მაგრამ მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში მესაკუთრეებთან თანამშრომლობით, სწორი დაგეგმარებით შემოიფარგლება. ავტოსადგურების ტერიტორიის მოწესრიგების მიმართულებითაც, ანალოგიური მიდგომა იქნება. შესაძლებელია იგივე მოდელით წავიდეთ, რომ ჩვენ მესაკუთრეებთან დავამყაროთ კომუნიკაცია, შევიმუშაოთ განვითარების ძირითადი ხედვა, ამის მიხედვით გამოვაცხადოთ ტენდერი, ავიყვანოთ კომპანია, რომელიც გეგმარებას გააკეთებს. აქ ისევ და ისევ იქნება გათვალისწინებული როგორც მუნიციპალიტეტის ინტერესები სწორი გეგმარებითი, ასევე ბიზნესსექტორის ინტერესები, რადგან ინვესტირება მათ უნდა განახორციელონ.
ჩვენმა გეგმარებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი უსაფრთხოების მოთხოვნებს და თანამედროვე საჭიროებებს. ავტოსადგურებზე ათასობით ადამიანი იყრის თავს და ტერიტორიის მოწესრიგება ცხადია მუნიციპალიტეტის ინტერესებში შედის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი მზადაა მეტად დავიხარჯოთ, რომ ეს ტერიტორია მოვაწესრიგოთ. უსაფრთხოების და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნები ერთი იქნება ყველა ავტოსადგურისთვის. ვიზუალურ, გეგმარებით და ფუნქციურ ნაწილებში ტერიტორიებიდან გამომდინარე ცხადია, განსხვავებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს. აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია – შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის – 15.