მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება, – ამის შესახებ დედაქალაქის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
მან დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მერია აღნიშნულის შემდეგ ასევე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
„მომავალი წლიდან ვიწყებთ მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, უსახლკაროების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა, ახალი პარკების გაშენება და არსებულების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ. 2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.