პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს.
ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესი მარტივდება და თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება საკმარისი ხდება. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ცვლილებებით, ასევე უქმდება კენჭისყრებს შორის პერიოდში დადგენილი ვადა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ცვლილებების მომზადების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება 2022 წლის მაისში რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ კი, პარლამენტის მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს და გარკვეულ წევრებს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ეწურებათ. მათ ვაკანტურ თანამდებობებზე განწესება კი, ამჟამად მოქმედი წესის თანახმად, 2022 წლის მაისამდე ვერ მოხდება. შესაბამისად, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესის არსებობის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები თავმჯდომარისა და ცალკეული პროფესიული წევრთა არარსებობის პირობებში განახორციელოს.