ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

317

საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„პროექტის შედეგად, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი 6 530 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება.

ამჟამად, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობისთვის როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.