მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებით შეეეძლებათ. სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შესათანხმებლად და დასამტკიცებლად ვადამ კი, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა, 2023 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ცვლილებებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან 2023 წლის 1 ივლისამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ ისინი. (გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა).
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, გამოიკვეთა, რომ მის დასასრულებლად საჭიროა მეტი დრო, რადგან სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დიდი ნაწილი კვლავ დასამტკიცებელია და სახელმწიფო დაწესებულებებს ესაჭიროებათ კანონით განსაზღვრული ვადის გადავადება, რათა მათ მოახერხონ შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შეთანხმება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და დამტკიცება კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ზუსტდება კანონის მე-3 მუხლის ჩანაწერი ისე, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების, ასევე მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების და მათი გამოყენების წესის დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე.