თბილისის მერია საახალწლო გალა კონცერტისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ on.ge წერს.
როგორც გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, საახალწლო ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან — 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მერიის ინფორმაციით, წელს გამართული ღონისძიებები წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯები ასე გადანაწილდება:
- საახალწლო გალა კონცერტისა და საახალწლო ქალაქის გახსნა-დახურვის ღონისძიებებისთვის 1 155 500 ლარია გათვალისიწნებული;
- საბავშვო გასართობი აქტივობებისთვის — 470 500 ლარი;
- საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამებისთვის, სხვა აქტივობებისა და საახალქლო ქალაქის დეკორაციებისთვის — 1 674 000 ლარი;
- გამოფენა-გაყიდვისთვის — 256 000 ლარი.
გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, 31 დეკემბერს დეკორირებულ სცენაზე გართულ გალა კონცერტში ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიცების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.
მერიის ინფორმაციით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ე.წ. “საახალწლო ქალაქი” მოეწყობა. როგორც დოკუმენტებში წერია, აღნიშნულ ლოკაციებზე, 15 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, ვორქშოფები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები: დეკორირებული ნაძვის ხე, მოცულობითი ვარსკვლავები, ელფები თაღით და გირლანდით, მოცულობითი მანათობელი ანბანი, თოვლის ბაბუას სახლი, წიგნის მოცულობითი ინსტალაცია, ღია კინოთეატრი, ინსტალაცია “სანტას გადაფრენა”, სინთეტიკური ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და სხვა. ამასთან, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა “თბილისის საშობაო ბაზარი”.
საახალწლო გალა კონცერტისა და სხვა ღონისძებებისთვის თანხები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება: 3 300 000 ლარი — ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხებიდან, ხოლო 256 000 ლარი — ბიზნესის სტიმულირების პროგრამიდან.