კახა კალაძე ოპოზიციას: ჩვენ შეიძლება იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ, ვიდრე არსებობს თქვენი მსგავსი დესტუქციული ძალა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში იდეალური არაფერი იქნება

277

მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, დღეს სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა მსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან დავინახე იგივე განწყობა – ითხოვთ ჩვენგან ვიყოთ იდეალურები. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქ-ლაივისას“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა და დღესაც ცდილობს დესტრუქციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცრუ ბრალდებებით.

როგორც მერმა აღნიშნა, ოპოზიციას თბილისის საკრებულოში აქვს შანსი, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტებში და იმუშაონ საზოგადოების საკეთილდღეოდ. კალაძის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური ძალა, როგორც გასული წლების განმავლობაში, დღესაც ოცნებობს დესტრუქციის შემოტანასა და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაზე, რაც არ მოხდება.

„გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, ხშირად სამწუხაროდ, დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში. მქონდა წარმოდგენა, რომ ისინი შეძლებდნენ, ყველაფრის მიუხედავად, რომ მიიღონ მონაწილეობა, იყვნენ კონსტრუქციულები, რადგან ამ ქალაქის რაღაც გარკვეულმა ნაწილმა მათ დაუჭირა მხარი და მისცა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ადამიანის ინტერესები დაიცვან დედაქალაქში. ჩართულები იყვნენ სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს. მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და რა თქმა უნდა, მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ცხადია, ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას არასდროს მივცემთ. მათ სიცრუეს ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული პასუხები, არგუმენტაციით, ფაქტებით. ეს არ ეხება ყველა ოპოზიციონერს, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა, ჩარჩოებში და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის მთავრობა, დღეს სრულიად სხვა განყობის გამოხატვა და სხვა ტექსტის თქმა მსურდა და ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან დავინახე იგივე განწყობა, იგივე სიცრუე, აგრესია, დესტრუქციის მცდელობა, რასაც ვხედავდით გასული 4 წლის განმავლობაში. მიუხედვაად იმისა. რომ გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს ამ ქალაქის განვითარებაში ვიყოთ ჩართული და თქვენ ამ საზოგადოების რადიკალური, თუმცა მაინც განუყოლ ნაწილს წარმოადგენთ, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ თქვენ კვლავ დესტუქციის გზას ირჩევთ, – თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც 9 წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს ყველაფერი კარგად იყო და არაფერი იცოდა საზოგადოებამ, თუ რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესთან დაკავშირებით, ქონების ჩამორთმევის კუთხით, ადამიანების მკვლელობებით. თქვენი მინისტრები თანამდებობაზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს ისეთი ტრაგედიის ხარჯზე შოულობდნენ, როგორიც იყო აგვისტოს ომი, სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოპარა, მაშინ სხვა გადმოსახედიდან ვუყურებდი თბილისსო, – ახლა ქუჩიდან ცდილობს დესტრუქციის შემოტანას და რევოლუციაზე ოცნებობს, რომ ისევ გაძარცვოს თბილისელები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოთი დამტკიცებული ფაქტებია და არა უბრალოდ პოლიტიკური განაცხადი.

დღეს მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის, – ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად ამბობს, რომ არა ათასობით ნაწამები ადამიანი ციხეში, არამედ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან ვიყოთ იდეალურები. ჩვენ შეიძლება იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველ დღე მოიგონოთ ახალი ტყუილი, ადამიანები დაარწმუნით, რომ თითქოს ქვეყანა იქცევა, დღეს თუ არა ხვალ რევოლუციას უეჭველი მოაწყობთ, თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან, ეს თქვენი საქმეა, რომლისაგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოგივათ, როგორც არ გამოვიდა გასული 8 წლის მანძილზე და ყოველთვის იცოდეთ, რომ რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირება ყოველთვის იქნება მარცხისთვის განწირული“, – განაცხადა კახა კალაძემ.