წარმოდგენილი შემადგენლობა იგივე ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამავე პოზიციებზე, მაგრამ არ არის ერთი ერთში შემადგენლობა, რომელიც 2017 წელს იქნა წარდგენილი და დამტკიცებული, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გუშინ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და თუკი საჭიროება იქნება, ეს კვლავ მოხდება.
„დღევანდელი წარმოდგენილი შემადგენლობა იგივე ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამავე პოზიციებზე, მაგრამ არ არის ერთი ერთში შემადგენლობა, რომელიც 2017 წელს იქნა წარდგენილი და დამტკიცებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გუნდში ცვლილებები ხორციელდებოდა და განხორციელდება, თუ იქნება ამის საჭიროება ან ჩანაცვლება იქნება ეფექტური – ამის შესახებ დედაქალაქის მერი საკრებულოსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას და შერჩეული იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც უკეთესად და მეტად მოემსახურებიან დედაქალაქების მოსახლეობას და იმ მიზნებს, რომლისთვისაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია. ეს შემადგენლობა წარმოდგენილია დედაქალაქის მერის მიერ, სადაც საკრებულომ მხარი დაუჭირა. ცვლილებები გუნდში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, – მერის მოადგილეებიც შეიცვალა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვენელების პოზიციაზეც შეიცვალნენ ადამიანები, ეს ცვლილებები კიდევ განხორციელდება თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
გუშინ ღამით თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.