საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა 1 წლით გაუხანგრძლივდეს

493

საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს.

პარლამენტმა მთავრობას ამის უფლება პირველად 2020 წლის 22 მაისს მისცა და მისი მოქმედების ვადად იმავე წლის 15 ივლისი განისაზღვრა. ამის შემდეგ, პარლამენტისვე დადგენილებით, თარიღმა სამჯერ გადაიწია — ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ 2021 წლის 1 ივლისამდე, ბოლოს კი 2022 წლის 1 იანვრამდე. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილეს, მთავრობას შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა უკვე მეოთხედ, ამჯერად 1 წლით უხანგრძლივდება — 2023 წლის 1-ელ იანვრამდე.

“არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს”, — ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ აქამდე ეს დროებითი ნორმა კანონის შესაბამისად სრულდებოდა, ანუ, ყველა შეზღუდვა მხოლოდ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად წესდებოდა.

“საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი ნორმის იმპლემენტაცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს პანდემიის სამართავად აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესები შეესაბამება ეპიდვითარების სიმძიმეს და ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები გამოიყენება”, — წერია დოკუმენტში.

კანონპროექტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მისი პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე, მოადგილე ზაალ მიქელაძე და კომიტეტის წევრები — ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრადაშვილი.