ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადაეცათ

667

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული მეთოდი, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი – მაღალმთიანი სოფლებისთვის.

სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები მუნიციპალიტეტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა გადასცეს.